პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის ვარიანტს მხარდაჭერა კომიტეტის წევრმა ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გამოუცხადა, უმრავლესობის წევრებმა კი მხარდაჭერა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით დააფიქსირეს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისთვის ორი ძირითადი შეთავაზება აქვს: ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო იყოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, და სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.