საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ითამაშებს.
ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრების დომინაციით წარიმართა. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-12 წუთზე შექმნეს. ჩაკვეტაძის ეფექტური გადაცემით, ბუდუ ზივზივაძე ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.
21-ე წუთზე ზივზივაძემ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა და გოლი გააუქმა.
ტაიმის მიწურულს კი ამჯერად წესების სრული დაცვით მაინც მოახერხა ზივზივაძემ გოლის გატანა და ჩვენი ნაკრები შესვენაბაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, თუმცა საჯარიმოსთან წააქციეს, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი რეაგირების გარეშე დატოვა.
საპასუხო შეტევაში კი, ჟერსონ როდრიგესმა გაიტანა. საქმეში VAR-ი ჩაერთო, რის შემდგომაც გოლი გაუქმდა, ჯარიმა დაინიშნა და მარსელ შანო ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს. ჯარიმა კი ლევან შენგელიამ შეასრულა და გოლის გატანამდე სულ მცირე დააკლდა, ბურთი ხარიხას მოხვდა.
64-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ორამდე მაინც გაზარდა. შენგელიას ფლანგიდან გამოზომილი გადაცემით ზივზივაძემ გაიტანა, დუბლი გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
2024-ის პლეი ოფის ფინალი 26 მარტს „დინამო“ არენაზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მეტოქე კი მეორე ნახევრაფინალურ შეხვედრაში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გაირკვევა. გამარჯვების შემთხვევაში, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.