სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა. სამწუხაროდ ის კვლავ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და ფორმალური საკითხების გადაჭრისათვის მისი თანამონაწილეობა აუცილებელია, მათ შორის ღირსების ორდენის გადაცემისათვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძეს ჰკითხეს, რატომ არ მიიღო პრეზიდენტის მიწვევა პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ილია თოფურიას დაჯილდოების ცერემონიაზე, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
„რატომ უნდა მივიდნენ მაინტერესებს. სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია, რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა. სამწუხაროდ ის კვლავ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და ფორმალური საკითხების გადაჭრისათვის მისი თანამონაწილეობა აუცილებელია, მათ შორის ღირსების ორდენის გადაცემისათვის. დღეს მოვისმინე საოცარი სპეკულაცია, რომ დაასწრო პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემო. ღირსების ორდენის გადაცემას სჭირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება საქართველოს პრეზიდენტთან, რომ მან გადასცეს ღირსების ორდენი. ტყუილია ის ამბავი, რომ პრეზიდენტს თითქოს უნდოდა წინასწარ ორდენის გადაცემა.
თუ არ მიმართა პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ქართული კანონმდებლობით ღირსების ორდენის გადაცემა საქართველოს პრეზიდენტს არ შეუძლია. ღირსების მედლის გადაცემა შეუძლია, ორდენის - არა. ღირსების მედლის გადაცემას თუ აპირებდა, წინა კვირას რომ პირობითად 100 კაცი დააჯილდოვა, პატარაიებს და ვიღაცებს რომ დაურიგა, იმ მედლით თუ აჯილდოებდა თოფურიას, არ ვიცი ნამდვილად. რაც ეკუთვნის იმ პატრიოტ ადამიანს, რომელმაც ამხელა სიამაყე მოგგვარა ქართველებს, ორდენს სჭირდება პრეზიდენტთან პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება. ფორმალური პასუხისმგებლობის აღებას არ სჭირდება ამხელა ამბიციები"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.