სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო - პრემიერი

05 მარტი 2024, 11:55 403 ნახვა

ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება, თუმცა, ეს ვეტო ვერ შეუქმნის პრობლემას პროცესების სტაბილურად განვითარებას, - ასე გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას.

"სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში, ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო. ეს არის მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება, თუმცა, ეს ვეტო ვერ შეუქმნის პრობლემას პროცესების სტაბილურად განვითარებას. რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ცესკომ შეძლოს ეფექტიანად არჩევნების ჩატარება. ამის საპირისპირო მიზანი აქვს ზუსტად სალომე ზურაბიშვილს“,- აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია და მისი მეგობრები თუ არ ენდობიან ცესკო-ს, ეს მათი პრობლემაა, მთავარია, ნდობა არის ხალხში, ქართულ საზოგადოებაში.

"მათი მიზანია, მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია და ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ცესკო-ს დისკრედიტაცია. სწორედ ამაზეა გათვლილი ის კამპანიები, რომელიც წარმოებს ცესკო-ს, ცესკო-ს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რაც თავიდან ბოლომდე სიყალბეზეა აგებული. ასეთი კამპანიები ჩვენ წარსულშიც გვინახავს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არც ერთხელ ყოფილა ეს კამპანიები წარმატებული. დარწმუნებული ვარ, არც ამ შემთხვევაში იქნება წარმატებული.

რაც მთავარია, ნდობა არის ხალხში, ქართულ საზოგადოებაში, რასაც, მათ შორის სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს. რადიკალური ოპოზიცია და მისი მეგობრები თუ არ ენდობიან ცესკო-ს, ეს არის მათი და არა ცესკო-ს პრობლემა. მთავარია, ნდობა არის ხალხში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. შესაბამისად, ეს არჩევნებიც ჩატარდება გამართულად. ცესკო-მ დაამტკიცა ბოლო არჩევნებზე, მათ შორის 2020 წლის არჩევნებზე, რომ მას შეუძლია სწორად, გამართულად არჩევნების ჩატარება. სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოების ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და სწორედ ამ ნდობით, არჩევნები ჩატარდება ძალიან სწორად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი