ვხედავდი პრობლემებს მართვის, კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაშიც, რაშიც მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი ტოვებდა თანამდებობას.
მე ჩემს სამთავრობო პროგრამაშიც ვისაუბრე იმაზე, რომ საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია დ თანამშრომლობა, განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებთან. როცა საქმე გვაქვს დარგობრივ სამინისტროსთან, საჭიროა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა “, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება ახალ მინისტრს, ჯერ არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
"გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე დარგის სპეციალისტებთან. როცა გუნდის წევრებზე მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია, საპატიო თავმჯდომარეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და სადაც არის საჭირო გუნდთან კონსულტაციები, პირველ რიგში ბატონი ბიძინაა წარმომადგენელი. თუ ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისივე შეფასებით, იგი დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.