“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ძალოვან უწყებებს შორის დაპირისპირებას უკავშირებს. ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თოქ-შოუ “ფაქტორში” განაცხადა. მისი მტკიცებით, ახლადდანიშნულმა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსმა სუსი-ს ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავა, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივი წარმომადგენლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სამნიძის თქმით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კამპანია კახა ბუხრაძის წინააღმდეგ, რამაც მასობრივი აქციები და ვანდალიზმი გამოიწვია. რესპუბლიკელების ლიდერს არ დაუკონკრეტებია თუ საიდან ფლობს ამ ინფორმაციას თუმცა განმარტა, რომ ამის შესახებ პარტიამ განცხადება არაერთხელ გაავრცელა.