ოთარ შამუგიამ შოვსა და სოფელ ნერგეეთში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების დასკვნა წარადგინა

16 თებერვალი 2024, 12:52 577 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რაჭაში 3 აგვისტოს განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და 6-7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების საბოლოო დასკვნა წარადგინა.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა – სულ რამდენიმე დღის წინ იმერეთსა და მთიან აჭარაში, გასულ წელს რაჭაში, შოვში, უდიდესი ტრაგედია გამოიწვია.

მისივე თქმით, როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, სტიქიის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა განახორციელეს ექსპედიცია მყინვარ ბუბაზე და უშუალოდ ადგილზე შეისწავლეს მდგომარეობა, რის საფუძველზეც სპეციალისტების მიერ პირველადი შეფასება მომზადდა, რომელიც გავაცანით დარგის სპეციალისტებს, ასევე ხელმისაწვდომი გავხადეთ ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აღნიშნულის პარალელურად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა შვეიცარიული კომპანია Geotesti -სთან, რომელსაც მსგავსი სტიქიური მოვლენების შეფასების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიამ მოახდინა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოპოვებული და დამუშავებული მასალების შეესწავლა და გადამოწმება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელებმა დაადასტურეს ჩვენი გეოლოგების პირველად დასკვნაში გამოქვეყნებული ძირითადი ასპექტები, როგორიცაა კლდეზვავური მასის ჩამოშლა; სტიქიის განვითარებამდე, მდ. ბუბისწყლის ხეობაში წყლის შეგუბებას არარსებობა; ღვარცოფული მასის გადაადგილების დრო (7.5-10 წთ) და ასე შემდეგ; რაც მათ მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს და მადლობა მათ ამისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო მეწყრული პროცესების პრევენცია.

"შვეიცარიელი ექსპერტების მხრიდან მიღებული რეკომენდაციების თანახმად, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისთვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.

 

ზოგადად მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიან გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს. მსგავსი მასშტაბის, კომპლექსური სტიქიური მოვლენის შესახებ ადრეული გაფრთხილების – განგაში სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარების გამო, ვერ უზრუნველყოფდა ეფექტიან ადრეულ გაფრთხილებასა და საფრთხეების შერბილებას. რაც შეეხება მეწყრული პროცესის განვითარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე"- განაცხადა მინისტრმა

რაც შეეხება მეწყრული პროცესის განვითარებას სოფელ ნერგეეთში, დასკვნაში ნათქვამია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია კი, სადაც 7 თებერვალს მეწყრული მოვლენა განვითარდა, შეფასებული არ ყოფილა.

ერთ-ერთ მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად კი სახელდება ბოლო დღეებში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექი.

"მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფელ ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის განვითარებას, შეფასებული არ ყოფილა. ერთ-ერთ მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინა ბოლო დღეებში (5-6-7 თებერვალი) მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (81მმ) და მიმდებარე ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა. სამი დღის განმავლობაში მოვიდა მთელი თვის ნალექების ნორმის 46%, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მეწყერმა სრულად დაანგრია ოთხი საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს (ცხრა ადამიანი). მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები შვიდი ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგი“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, დღეის მდგომარეობით 18 მეწყრულად აქტიურ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მონიტორინგი და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება.

„შვეიცარიელი, მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით, მყინვარულ ხეობებში შეფასდება არსებული საფრთხეები, შესაბამისად, მომზადდება რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები. დაგეგმილია მდ. დურუჯის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გაფრთხილების სისტემების მოსაწყობად სამუშაოების დაწყება; წელსვე დასრულდება საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი საფრთხეების რუკების მომზადება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაზაფხულის ბოლომდე, თანამედროვე სატელიტური დაკვირვების სისტემების გამოყენებით იტალიელი ექსპერტების მიერ შეფასდება ბოლო ათი წლის ჭრილში მეწყერების დინამიკა, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტი დეტალიზაციით განვსაზღვროთ მაღალი რისკის შემცველი მეწყერსაშიში ტერიტორიები და დაიგეგმოს შემდგომი საპრევენციო რეკომენდაციები“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კატასტროფების რისკების მენეჯმენტის სისტემების განვითარებისთვის, თუმცა, გაცილებით მეტია საჭირო და გაცილებით სწრაფ ტემპში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი