აღმოჩენილია პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები - ექსპერტიზის დასკვნა სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე

29 დეკემბერი 2023, 11:45 646 ნახვა

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად, ექსპერტიზა დასრულდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ხიდის კონსტრუქციული ნაწილის კომპლექსური საექსპორტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.

"ექსპერტიზით დადგინდა, რომ ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი (ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია). წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დგარების დაწოლას. დგარებმა ჩახვრიტა „როსტვერკი“, რის გამოც ბურჯის ორი მალი ჩაიშალა მდინარის კალაპოტში.

ექსპერტიზა ჩაუტარდა ხიდის სხვა კონსტრუქციულ ელემენტებსაც და დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილ იქნა პროექტთან შეუსაბამოდ, ხარვეზებით და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უმოკლეს ვადაში გამოაცხადებს პროექტირება-მშენებლობის ტენდერს, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება დამატებითი საპროექტო კვლევები, მომზადდება ხიდის შესაბამისი საინჟინრო პროექტი და ჩატარდება საჭირო სამუშაოები.

იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით.

სამტრედია-გრიგოლეთის 51-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11 კმ-იანი მონაკვეთიდან კი, რომლის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს მშენებარე ხიდი, დასრულებულია 10 კმ გზის მშენებლობა“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი