„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 186 416 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 200 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.
„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, 186,416 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 11.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 6.8 მლრდ. ლარის (58%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.1 მლრდ. ლარის (42%).
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ინფლაციის მკვეთრ შემცირებასთან. თუმცა, მიაჩნიათ, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ტენდენცია ზედმეტად ფრთხილი იყო წინა პერიოდში და არასაკმარისი სამომავლო რეცესიის საფრთხის გათვალისწინებით. ინფლაციის არსებული მაჩვენებლის შენარჩუნების პირობებში რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მომავალ წელსაც გაგრძელდება.