ევროკავშირთან დაახლოება ბიზნესისთვის ნიშნავს როგორც თავად ბიზნესის, ასევე მომხმარებლის მეტ დაცულობას - სალომე ზურაბიშვილი

30 ნოემბერი 2023, 21:51 554 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სტარტაპერებთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.

„ევროპული კამპანიის ფარგლებში, „ჩვენი ხმა ევროპას“ და თქვენი ხმა ევროპას, ორბელიანების სასახლეში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები მივიღეთ. თქვენთვის ალბათ, ახსნაც არ არის საჭირო, თუ რამდენად სჭირდება ამ ქვეყანას ევროპასთან დაახლოება და ამ გზის ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანება.

თქვენ სწორედ იმ ქართული ბიზნესისა და ქართული ეკონომიკის წარმომადგენლები ხართ, რომლის მომავალი განვითარებაც დამოკიდებულია ერთი მხრივ, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებთან უფრო მჭიდრო პარტნიორობაზე, ევროკავშირის ბაზარზე გასვლასა და მეორე მხრივ, ინვესტიციების უფრო აქტიურად შემოსვლაზე. თეორიულად ჩვენ გვაქვს ყველა ეს მოცემულობა, რომ შეიძლება ჩვენი პროდუქცია ევროკავშირში გავიტანოთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკაში ეს შესაძლებლობა არ არის სრულად გამოყენებული. ამას შიგნით ქვეყანაში მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რომ ეს ექსპორტი არ იყოს რაღაც იდეალური მოლოდინი და გახდეს რეალობა. ამას სჭირდება მეტი დაფინანსება რომ ევროკავშირის სტანდარტები და კრიტერიუმები, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა ჩვენი პროდუქცია მიიღოს. ამ ყველაფერს საქართველოში ბიზნესისა და მწარმოებლების უფრო მეტი ინფორმირება სჭირდება. ეს ერთი ნაწილია.

ევროკავშირთან ჩვენი დაახლოება ასოცირების ხელშეკრულებიდან უკვე დაწყებულია. ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება დამოკიდებულია მთელი რიგი კანონმდებლობის მიღებაზე.  ეს ნიშნავს თქვენს დაცულობასა და მომხმარებლის მეტ დაცულობას, ყველასთვის მომავლის მეტ პროგნოზირებას და თქვენ ჩემზე კარგად გესმით, იმისთვის, რომ ბიზნესმენმა, ქალმა თუ კაცმა, გაბედოს ინვესტირება, მას უნდა ჰქონდეს მოლოდინი და მომავლის იმედი. თუ ვერ გათვლი შენს განვითარებას რამდენიმე წელიწადზე, მაშინ ვერ ბედავ და გჭირდება მხოლოდ იმ ტიპის ბიზნესი, რომელიც სწრაფ ფულს მოგიტანს, როგორც ვიყავით წარსულში მიჩვეულნი. ეს არ არის იმ ტიპის ბიზნესი, რომელიც სჭირდება ქვეყანას. რეალურად ქვეყნის განვითარებას გრძელვადიანი ბიზნესები სჭირდება, რომელიც ვითარდება უფრო ნელა, მაგრამ უფრო სანდო და უფრო ძლიერია. ეს არის ჩვენი მომავალი. ამას გვაძლევს ევროკავშირი, ამას გვაძლევს ის კანონმდებლობა, რომელზეც ქვეყანა მუშაობს. რეალურად, თუ გადავხედავთ იმ ანგარიშს, რომელიც ევროკომისიის მიერ დაიდო და პირველი პოზიტიური ნაბიჯია, ჩანს, რომ ქვეყანამ ძალიან ბევრი გააკეთა სწორედ სტანდარტებთან, კანონმდებლობასთან ამ მიახლოებით. ეს ყველას დამსახურებაა. ამ კუთხით კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ შევასრულოთ ეს კანონმდებლობა, რომ ეს არ დარჩეს ქაღალდზე და გადავიდეს ყოველდღიურობაში. ეს ნიშნავს ტენდერებში მეტ გამჭვირვალობას, ეს ნიშნავს ბანკების მიერ შემოთავაზებულ მეტ კრედიტებს და მათზე ადვილ ხელმისაწვდომობას. პირველ რიგში, ქალებისთვის, რაც ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ პრობლემად რჩება.

და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივდივართ უფრო ახლოს ჩვენს პარტნიორებთან,  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომელთა მიღწევებიც მოგვწონს და გვინდა მივბაძოთ, როცა სასწავლებლად ან სამუშაოდ ჩავდივართ. მაგრამ შემდეგ მათი ჯერიც დადგება, რომ მათ ჩვენ მოგვბაძონ და დაინახონ ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პოტენციალი, რომელიც  ძალიან ბევრი მიმართულებით არსებობს, რომელსაც უნდა მიეცეს გაშლა და არ უნდა იყოს პოლიტიკის ჩარევა. პოლიტიკამ ბიზნესისგან რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი, ცხადია, ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდნენ ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია. მსოფლიოში ისიც არსებობს, რომ დიდი ბიზნესი და პოლიტიკა არ არიან მთლად ერთმანეთისგან ჩამოშორებულები, მაგრამ რაც მეტი დამოუკიდებლობა  და თავისუფლება არსებობს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი. ეს არის ის, რაც მე შემიძლია თქვენ ყველას გისურვოთ. აქ ძალიან ბევრნი ხართ, მინდა ვისურვო, რომ აღარ დავეტიოთ ამ კედლებში და თქვენ ისე ძლიერად წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა საზღვარგარეთ, არა მხოლოდ ევროკავშირში”, – განაცხადა პრეზიდენტმა ბიზნესთან საუბრისას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი