მადრიდის ცენტრალურ ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა და პალესტინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
დემონსტრანტებმა დაგმეს ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვა. ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, ჩვენ ყველა პალესტინელები ვართ - ამ შინაარსის ლოზუნგებით აქცია ესპანეთში მოქმედი პალესტინური ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა. მასში ათი ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
ისრაელის ოკუპაციის დასრულება მოითხოვეს ოტავაში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებმა. პალესტინის მხარდამჭერთა აქციის მონაწილეები ქუჩაში პალესტინის დროშებით გამოვიდნენ. თავისუფალი პალესტინა - სკანდირებდნენ მომიტინგეები და პალესტინაში სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდნენ. პალესტინის მხარდასაჭერად ასობით ადამიანი გამოვიდა ტეხასის შტატში.
დალასის აკარდ პლაზაზე პალესტინის დროშებითა და მშვიდობისკენ მოწოდებებით მსვლელობა მოეწყო. ბერლინში კი პოლიციამ პალესტინის მხარდამჭერი აქცია მას შემდეგ დაშალა, როცა პოტსდამის მოედანზე ნებადართულ 50-კაციან მემორიალურ ღონისძიებაზე ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა.