ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია დაიტბორა

03 ოქტომბერი 2023, 11:03 819 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქობულეთის ცენტრალური ბაზრის ტერიტორია. მდინარე აჭყვა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. წყალმა სავაჭრო ჯიხურებში შეაღწია. ამ ეტაპისთვის ზარალის რაოდენობა უცნობია. დაზარალებულები ქობულეთის მერიისგან დახმარებას ითხოვენ. მდინარის მიერ ჩამოტანილი ტალახის და შლამის გაწმენდას ცდილობენ მოვაჭრეები.

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობაც, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო  ჯგუფები იმყოფებიან და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, წელს უკვე მეორე შემთხვევაა რაც ბაზარი დაიტბორა, წყლის დიდ რაოდენობას ვერ ერევა სანიაღვრე არხები, რომლებიც გასაწმენდია და ასევე მდინარის დამბა არის დროულად მოსაწესრიგებელი.

ასევე, დატბორილია ქალაქის ზოგიერთი ქუჩაც, წყალმა მოსახლეობის ეზოებში და პირველ სართულებზეც შეაღწია.

მეწყერული პროცესები განვითარდა ქობულეთის რამდენიმე სოფელში: ქაქუთში, გვარაში, სოფელ ზენითის და სახალვაშოს მიმართულებაზე აჭარის საავტომობილო გზების 4-ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.

ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ მეწყერის გამო, სამი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მათივე თქმით, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბაზრის დატბორვასთან დაკავშირებით კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ მოვაჭრეებთან, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში