მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ღვთისმშობლობის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა აღევლინება. ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.
თარიღი ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვით აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ღამისთევით შესრულდა ღვთიმსახურება ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში.
საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, რომ თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ.