ბათუმში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ტრადიციულად ფესტივალის მონაწილეები რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისინი ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ.
ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
წინასწარი რეგისტრაცია მათ ფესტივალის ვებგვერდზე შეეძლოთ. პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.