უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 34 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

13 სექტემბერი 2023, 09:55 383 ნახვა

რუსმა სამხედროებმა ოდესის რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. როგორც უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ კიპერზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ოლეგ კიპერის თქმით, დაზიანებულია პორტი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინული მედიის ცნობით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა სევასტოპოლში სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთმშენებელ ქარხანაზე.

სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელის, მიხაილ რაზვოჟაევის განმარტებით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, 24 ადამიანი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, მათგან ოთხი დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  უკრაინელები აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე პოზიციებს იუმჯობესებენ.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 34 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მტერმა განახორციელა 7 სარაკეტო და 35 საჰაერო დარტყმა, 56-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა წინ წაიწიეს კლეშევკის მიმართულებით. მძიმე ბრძოლებია სამხრეთის ფრონტზეც.

უკრაინის საჰაერო ძალებში კი აცხადებენ, რომ 13 სექტემბრის ღამეს,  უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების მიერ გასროლილი შაჰედის ტიპის 32 კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში