დილით რუსმა სამხედროებმა მოსკოვის მახლობლად და უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში ოთხი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ერთ-ერთი დრონი მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ კრასნოგორსკში გაანეიტრალეს. შემთხვევის რაიონში მდებარე მაღალსართულიან კორპუსში ჩაიმსხვრა მინები, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი. ადგილზე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ. ისინი ტროტუარზე ამოწმებენ და აგროვებენ ნამსხვრევებს.
რუსეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცე მცირე ხნით დაიხურა და მოსკოვის სამმა მთავარმა აეროპორტმა ფრენები შეაჩერა. უკრაინა პირდაპირ არ იღებს პასუხისმგებლობას რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებზე, რომლებიც ბოლო დროს გახშირდა.