ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა.
საბრალდებო დასკვნა 41 პუნქტისგან შედგება. ბრალდებულები კი მოხსენიებული არიან, როგორც „კრიმინალური ორგანიზაცია“ და მათ სხვადასხვა დანაშაულში ედებათ ბრალი, მათ შორისაა: ჯორჯიის შტატის რეკეტული აქტის დარღვევა; საჯარო მოხელის მიერ ფიცის დარღვევის მოთხოვნა; საჯარო მოხელედ თავის წარმოჩენა; დოკუმენტების გაყალბება; ყალბი განცხადებები, ნაწერები და ყალბი დოკუმენტების წარდგენა და სხვა.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.