"დინამო" ბათუმის ადმინისტრაცია "შავი ზღვის პირატების" განცხადებას ეხმაურება. ბათუმური კლუბი აღნიშნავს, რომ მენეჯმენტი გამოსავალს მხოლოდ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ხედავს.
"თავს ვალდებულად მივიჩნევთ კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ჩვენი ფანკლუბის - ,,შავი ზღვის პირატების'' მიერ გაკეთებულ განცხადებას ,,დინამო'' ბათუმის მატჩების ბოიკოტის შესახებ და საზოგადოებას განვუმარტოთ მოცემული ვითარება. კლუბის მენეჯმენტის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მხოლოდ ვეტერან ფეხბურთელებთან შეხვედრის შეთავაზებას. ჩვენი შეთავაზება ითვალისწინებდა ცალკეულ ფორმატში კლუბის მენეჯმენტთან, ფეხბურთელებთან, სამწვრთნელო შტაბთან და პრეზიდენტთან შეხვედრას რაზეც ყველა ეტაპზე მივიღეთ უარი, რაც აღნიშნული პროცესის მიზანმიმართული პერსონალიზაციის განცდას გვიჩენს.
კლუბის მენეჯმენტის მხრიდან დიალოგის კონსტრუქციულ და სადისკუსიო რეჟიმში გადაყვანის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მივიღეთ მხოლოდ ტენდენციური და ნეგატიური უკუკავშირი, რაც ჩვენი აზრით კლუბის ინტერესებს ვნებს და აზარალებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ფანკლუბის მხრიდან სხვა გულშემატკივრის მიმართ ისმის მატჩების ბოიკოტის და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის არ გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მოწოდებები.
კლუბის მენეჯმენტი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ხედავს. იმედს ვიტოვებთ, რომ ფანკლუბის წევრები გაითავისებენ ზემოაღნიშნულ მოცემულობას და კლუბის ინტერესებს პირად შეხედულებებზე მაღლა დააყენებენ", - წერია "დინამო" ბათუმის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ''პირატებმა'' განცხადება გააკეთეს, სადაც ბოლო დროინდელი შედეგების გამო მთავარი მწვრთნელის წასვლას ითხოვდნენ. დღეს, კი განაცხადეს, რომ ''დინამოს'' მატჩებს აღარ დაესწრებიან.