ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ძლიერმა წვიმამ ისევ დატბორა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია.
მოვაჭრეებს გასაყიდი ნივთები დაუსველდათ. წყალმა შეაღწია საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე მეწყერულ პროცესებთან და დატბორვასთან დაკავშირებით სულ 60-მდე შეტყობინება შევიდა.
ქობულეთის მერის, ლევან ზოიძის განცხადებით, სტიქიის შედეგად 21-ლოკაცია დაიმეწყრა. ამ დროისთვის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო კომისია მუშაობს და შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია.
"მუნიციპალიტეტში ყველა მიმართულებით ელექტრო ენერგია აღდგენილია. რაც შეეხება სასმელ წყალს, ამ დროისთვის ბობოყვათი, წყავროკის მიმართულებით წყლის მიწოდების პრობლემაა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაციაა, რაც სექტემბერში დასრულდება და ქალაქს დატბორვის საფრთხე აღარ ექნება", - აცხადებს ლევან ზოიძე.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქობულეთის განყოფილების უფროსის ერეკლე კახიძის თქმით, მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 10 მეწყერული კერაა, სადაც მოძრაობა შეზღუდულია.
"ძირითადად პრობლემები შეიქმნა ხალის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ქობულეთში და ჩაისუბანში. ამ დროისათვის არის 10-მდე ლოკაცია ესენია: ჩაისუბანის ადმინისტრაციული ერთეული, ხალა, სოფელი ქობულეთი და ზედა ლეღვა. დილიდან მეწყერულ კერებთან 8-ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ ლოკაციებზე შეზღუდულია მოძრაობა და ნაწილობრივ ჩაკეტილია. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები. დღის ბოლომდე მოძრაობა ყველგან აღდგება, ხვალიდან დავიწყებთ ჩამონაშალის გაწმენდას და გატანას ", - აცხადებს ერეკლე კახიძე.