ნატოს კარი ღიაა უკრაინისთვის, თუმცა კიევს გაწევრიანებამდე რეფორმები დასჭირდება, რათა ალიანსის სხვა წევრების მსგავსი სტანდარტი ჰქონდეს - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება.
თეთრ სახლში ტრადიციულ ბრიფინგზე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ დასავლეთის სამხედრო ბლოკის წევრობის გადაწყვეტილება დამოკიდებულია ნატოს 31 წევრისა და ასპირანტი ქვეყნის პოზიციაზე. ნატოს ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს ლიეტუვაში გაიმართება.
შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტიც. სამიტზე უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებზე ისაუბრებენ. წინასწარი ინფორმაციით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატოში მიწვევა არ იგეგმება.