ისრაელის არმიის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ღაზის სექტორში მიწისქვეშა იარაღის საწარმოზე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს შავ-თეთრი ვიდეო, რომელზეც ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტზე გამანადგურებელი იერიშია ასახული.
ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის მიერ ჩატარებულ ორდღიან ოპერაციას 12 პალესტინელი და ისრაელის ერთი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ისრაელის არმიის ნაწილებმა წლების განმავლობაში ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მათი ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ოპერაციის განხორციელების შემდეგ გვიან ღამით დატოვეს პალესტინის ქალაქი ჯენინი.
მოგვიანებით პალესტინელებმა ღაზიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან გაშვებული ყველა რაკეტა მოიგერიეს.