ილია თოფურია რეიტინგში დაწინაურდა

27 ივნისი 2023, 20:35 612 ნახვა

ილია თოფურია ჯოშ ემეტთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა და ახლა ქვემსუბუქ წონაში მე-5 პოზიციას იკავებს. 26 წლის ქართველი მებრძოლი რეიტინგში ერთბაშად 4 საფეხურით დაწინაურდა და ახლა "მატადორს" საჩემპიონო ბრძოლის მისაღებად, მაქსიმუმ, ერთი მოგება დასჭირდება. თოფურია ოქტაგონზე დაუმარცხებელია - მას MMA-ში 14-იდან 14 მოგება აქვს, საიდანაც 9 პირველსავე რაუნდში დაასრულა. ილია UFC-ში 2020 წლის ოქტომბრიდან გამოდის და მის ანგარიშზე ზედიზედ ექვსი გამარჯვებაა. ბოლოს მან 25 ივნისს, ჯექსონვილში იჩხუბა, სადაც ამერიკელ ჯოშ ემეტს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. ამ დივიზიონის ჩემპიონი 34 წლის ავსტრალიელი ალეკსანდერ ვოლკანოვსკია, მის შემდეგ კი მოდიან: მექსიკელი იაირ როდრიგესი, ამერიკელი მაქს ჰოლოუეი, ამერიკელი ბრაიან ორტეგა და ბრიტანელი არნოლდ ალენი. ქვემსუბუქი წონის ჩემპიონსა და პირველ ნომერს, შესაბამისად, ვოლკანოვსკისა და როდრიგესს შორის დაპირისპირება 8 ივლისს, ტურნირ  UFC 290-ში უნდა გაიმართოს. ავსტრალიელის გამარჯვების შემთხვევაში, მისი მომდევნო მეტოქე, სავარაუდოდ, სწორედ ილია თოფურია იქნება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი