საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს დღეიდან შეუძლიათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ავრცელებს.
ინფორმაცია ეხება აბიტურიენტებს, მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის მსურველებს.
პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.