საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია წარადგინა

20 ივნისი 2023, 19:35 1923 ნახვა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB), ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოსთან თანამშრომლობით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ ფორუმს უმასპინძლა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მთავრობის, კვლევითი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის მმართველი რგოლების 80-ზე მეტმა წარმომადგენელმა საქართველოს კაპიტალის ბაზრებზე არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების გასაცნობად, ცოდნის გასაზიარებლად და ამ თემებზე დიალოგის ხელშესაწყობად.

ADB-ის ტექნიკური დახმარების საშუალებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, რომელიც ქვეყნის კაპიტალის ბაზრის კოორდინირებული და თანმიმდევრული განვითარების სახელმძღვანელო იქნება. სტრატეგია ასევე ქმნის კრიტიკულად მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოს განვითარების პარტნიორებისთვის ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარების სამომავლო ნაბიჯების კოორდინირებულად დასაგეგმად.

ღონისძიებაზე სტრატეგია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი გურგენიძემ წარადგინა. ორ პანელურ დისკუსიაზე განიხილეს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საწარმოების როლი საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და მდგრად დაფინანსებაში. პანელისტებმა, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებზე სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საწარმოების მონაწილეობაზე, მათ შორის სავალო ვალდებულებით, სააქციო კაპიტალის გამოშვებითა და საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაშვებით. ექსპერტებმა ასევე განიხილეს მდგრადი დაფინანსების შესაძლებლობა, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს გარემოს დაცვითი და სოციალური განვითარების მიზნებს.

„მოხარული ვართ, რომ განვაგრძობთ მთავრობის მუშაობის ხელშეწყობას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების გაღრმავების, ბაზრის ეფექტიანობის გაძლიერების, საინვესტიციო შესაძლებლობების მობილიზებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის წახალისებისთვის.

ჩვენი მიზანია ჩვენი ტექნიკური ექსპერტიზის, ფინანსური რესურსებისა და საერთაშორისო კავშირების მობილიზებით განვაგრძოთ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობა კაპიტალის ბაზრის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა​, კამელ ბუმადმა.

ADB 2008 წლიდან უწყობს ხელს საქართველოს ფისკალურ მედეგობას სხვადასხვა პროგრამის საშუალებით; მათ შორისაა შიდა რესურსების მობილიზება, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარება, ფისკალური მედეგობისა და სოციალური დაცვის რეფორმა, კოვიდ-19-ის ვაქცინაცია და სხვა.

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი