შეწყალება არ არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე

15 ივნისი 2023, 12:16 619 ნახვა

ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„როგორც პრეზიდენტმა, მე უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა, რომელმაც მრავალი მსხვერპლი დატოვა. ეს არის საკითხი, რომელიც კვლავ ყოფს საქართველოს მოსახლეობას. ისეც არ არის, ქართველი ხალხი მიიჩნევდეს, რომ სააკაშვილი არ არის დამნაშავე. ისინი შეიძლება, არ ეთანხმებოდნენ იმას, რომ მას შესაძლოა, ეპყრობოდნენ არა ისე, როგორც პრეზიდენტს უნდა ეპყრობოდნენ. ქართველები ძალიან ჰუმანურები, ძალიან ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის – შესაძლოა, არა პირადად მის მიერ, თუმცა მისი ხელმძღვანელობით. ასეთი შეგრძნებაა ზოგადად. ამასთანავე, არის შეგრძნება, რომ საჭიროა მასთან ღირსეულად მოპყრობა და გადაწყვეტილების მოძებნა. აღვნიშნავ, რომ ექსტრადირების მოთხოვნა არ ყოფილა. ყველაფერი ეს – მთავრობის პასუხისმგებლობაა. შეწყალება მორალური საკითხია, რომელზეც მე პასუხისმგბელობა მეკისრება ადამიანების წინაშე, რომლებიც სხვადასხვანაირები არიან. თუმცა, მე ვმუშაობ დიპლომატიურ საზოგადოებასთან, ევროპაში ჩემი კავშირებით და ვცდილობ, ვიმუშავო ხელისუფლებასთან გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომელიც უფრო მეტად იქნება იმის შესაბამისი, თუ როგორ უნდა ყოფილ პრეზიდენტთან მოპყრობა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა. მათ შეუძლიათ ექსტრადირების მოთხოვნაზე სხვადასხვანაირი რეაგირება, თუმცა მათ უნდა მოახდინონ რეაგირება. ისინი პასუხისმგბელები არიან ამ გადაწყვტილებაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, მიუმართავს თუ არა მისთვის პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის სააკაშვილის შეწყალების თხოვნით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მრავალ ადამიანს მიუმართავს მისთვის ამ თხოვნით.

„მრავალ ადამიანს უთხოვია ჩემთვის პირადად, თუმცა მე მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო. თუმცა, არსებობს სხვა გზები და თუ არსებობს ზეწოლა, ეს ზეწოლა უნდა იქნას გამოყენებული იქ, სადაც პასუხისმგებლობა დევს და სადაც არის რამის შეცვლის ძალაუფლება. მაგალითად, მე უკვე ვახსენე ელექტრონული სამაჯური. ყველაფერი ეს ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც უნდა მოძებნოს გზები, რომლებიც იქნებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების უფრო მეტად შესაბამისი. ეს არ არის ახალი საკითხი. მრავალი ქვეყნის მრავალი პრეზიდენტი იყო გასამართლებული და ზოგჯერ ჩვენ გვესმის, რომ ეს სხვა ქვეყნებშიც ხდება. თუმცა, არის ასევე ზოგადად მიღებული მიდგომები მოცემული სირთულის გადასაწყვეტად და ჩვენ ვალდებულები ვართ, უფრო მეტად შევესაბამებოდეთ მათ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის საკითხმა შესაძლოა, უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობა დაანგრიოს, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის უერთიერთობები ამაზე მაღლა დგას.

სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თემაზეც, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სრულიად სხვა სიტუაციაა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ, მიწვევის შემთხვევაში, მზად არის, უკრაინაში ჩავიდეს.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, რატომ არ ჩავიდა ის უკრაინაში ვიზიტით ომის დაწყების შემდეგ.

„ყოველთვის მზად ვიყავი ჩამოსვლისთვის და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ თქვენ გადასცემთ შეტყობინებას, შემიძლია, უკვე ხვალვე ჩამოვიდე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი