ჩვენ ვეცდებით, ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დავეხმაროთ მთავრობას პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად 12 პრიორიტეტის შესრულების საფუძველზე - პაველ ჰერჩინსკი

15 ივნისი 2023, 11:50 547 ნახვა

გასულ წელს, ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, მიეცათ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა. ისინი ასევე შეთანხმდნენ 12 პრიორიტეტზე, 12 საკითხზე, სადაც საქართველომ უნდა გაზარდოს რეფორმები, ეს არის სამუშაო პროგრესი, ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთდა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„მსურს, მივულოცო მთავრობას ბევრი რეფორმა, ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია, მაგრამ სხვა გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ მოსალოდნელია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ პროგრესს. ვიმედოვნებთ, რომ მაქსიმალურად დიდი პროგრესი იქნება მიღწეული 12 პრიორიტეტზე. ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება პოზიტიური და კონსტრუქციული ამბები მოდიოდეს საქართველოდან. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს აღქმის გაუმჯობესება, ასევე 27 წევრ ქვეყანაში. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა და ჩვენი მხრივ, ვეცდებით, ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დავეხმაროთ მთავრობას პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად 12 პრიორიტეტის შესრულების საფუძველზე, ასევე საქართველოს საერთო აღქმის საფუძველზე“, – განაცხადა ელჩმა.

ელჩი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, სამომავლო ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებამდე, მომავალ კვირებსა და თვეებში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი გაგრძელდეს და რაც შეიძლება ინტენსიური იყოს.

„ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელ კომისარს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჰქონდათ ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი დისკუსია, რადგან სწორედ ასეთი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასე რომ, დისკუსიები არის ძალიან ღია, გულწრფელი და  არსებითი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, პრემიერთან შეხვედრაზე არსებითი დისკუსია გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი და ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. თუმცა, ვინაიდან ეს იყო დახურული შეხვედრა, მე ვისურვებდი, რომ დეტალების გასაჯაროებისგან თავი შემეკავებინა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, კონფერენცია „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ ძალიან მნიშვნელოვანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში