დასრულდა საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში, რომელსაც პოლონეთმა უმასპინძლა. შეჯიბრებაში რვა ქვეყნის 900-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს უმცროსი ასაკის ჭაბუკებს ლევან ცინცაძის კლუბი „ჩემპიონთა აკადემია“ და არტურ უსტიანის კლუბი „ბუდოკანი“ წარმოადგენდნენ. ტურნირის ჩემპიონები დავით ჯინჭარაძე და ზურა მელაძე გახდნენ. ვიცე-ჩემპიონები გიორგი თვალავაძე, გიორგი პატარაია და დავით ფადიევი. ქეთი მამალაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. პარალელურად, თბილისში მიმდინარე საქართველოს პირველობაზე უფროსი ასაკის ჭაბუკთა შორის ასევე წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრებმა. მათ ანგარიშზე ხუთი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალია. საქართველოს ჩემპიონები გახდნენ მალხაზ ქაჯაია, ედგარ ზადორიანი, ანამარია მსხალაძე, ლევან ჩავლეიშვილი და რატი ვაშაყმაძე. ხვალ ბათუმში საქართველოს კონტაქტური კარატეს ახალგაზრდული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას გაივლის, რომლის წევრები ჯერ 16-17 ივნისს ბელგიაში ევროპის თასზე იასპარეზებენ, შემდეგ კი უნგრეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იბრძოლებენ.