ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ, ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა იმ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ - გიორგი ვაშაძე

05 მაისი 2023, 16:20 973 ნახვა

ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, ვერ გამაჩერებთ, ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა იმ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც სამართალდამცველები მუშაობდნენ, მას და მის ძმას, დავით ვაშაძეს ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირი არ აქვთ.

„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაციაა რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გაგვსვარონ მე და ჩემი ძმა, თითქოს ქოლცენტრებთან რაიმე კავშირი გვაქვს. ეს არის 100-პროცენტიანი ტყუილი. ქოლცენტრების უკან დღეს თუ ვინმე დგას, ეს „ქართული ოცნებაა“, უფრო სწორად, რუსული ოცნება, რომელიც თავიდან ბოლომდე ფინანსდება ამ ქოლცენტრების თაღლითური სქემით. ამას მფარველობენ სუს-ის, შსს-ს, პროკურატურის პირველი პირები. წარმოუდგენელია, ასეთი თაღლითური სქემა არსებობდეს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ამბობენ ისინი უარს საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებაზე, რითაც პირდაპირ აღიარებით ჩვენებას აკეთებენ, რომ თვითონ დგანან ქოლცენტრების უკან. ახლა უნდათ, ისრები გადმოიტანონ აქეთ“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ყველა დამნაშავეს, ვინც ხელს ითბობს ევროპელი პენსიონრების ძარცვაზე, შებღალა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია, მოუწევს პასუხისგება.

„სამი რამით ფინანსდება დღეს „ქართული ოცნება“ – ქოლცენტრების თაღლითური სქემით, კონტრაბანდით, რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ და კორუფციით, რომელიც აღვირახსნილ მასშტაბებსაა მიღწეული და აქეთ გინდათ, ჩვენზე წამოიღოთ? გამოხვიდე, დააბრალო და მერე ატრიალო ტროლ-ბოტებით სოციალურ ქსელებში, თუ შენი კონტროლირებადი მედიების მეშვეობით. ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, პირდაპირ გეუბნებით. ყველას მოგიწევთ პასუხისმგებლობა ამ მძიმე ბრალდებაზე, რომელიც წამომიყენეთ. მე მივაწვდი ინფორმაციას ევროპელ სამართალდამცავებს, ყველა ჩემს კონტაქტს გამოვიყენებ, რათა ყველა თაღლითი, მძარცველი, დამნაშავე იყოს ციხეში და სიმართლემ, სამართლიანობამ იზეიმოს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი