ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც აღინიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის საკითხი იყო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისთან 21 აპრილს მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც, სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომხდარის გამოძიება და ინციდენტში მონაწილე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების იდენტიფიცირება მოითხოვეს.
ამასთან, როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინი არსებობს, თუმცა ირაკლი ანთაძეს დეტალებზე არ უსაუბრია.