დღეს მუსლიმი სამყარო რამაზან ბაირამს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ქართველმა მუსლიმებმა აღავლინეს.
სადღესასწაულო ლოცვა ცენტრალურ მეჩეთსა და იმ ტერიტორიაზე შესრულდა, სადაც მუსლიმი მრევლი ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს. ხალხმრავლობის გამო მორწმუნეთა ნაწილმა ლოცვის რიტუალი ქუჩაში შეასრულა.
ქართველ მუსლიმებს დღესასწაული ბათუმის მეჩეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.
რამაზანის მარხვის პერიოდში ერთი თვის განმავლობაში მორწმუნეებს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ეკრძალებათ ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება, ბაირამის დღეს კი, ისინი ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან, უხვად გასცემენ მოწყალებას და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.