საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გივი მაჭარაშვილმა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს მძიმე ბრძოლაში 4:3 მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.
მაჭარაშვილი ფინალს 0:3-ს აგებდა, თუმცა ზედიზედ ორი ორქულიანი აიღო და ჩემპიონი გახდა. რობერტ დინგაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბულგარელ გეორგი ვანგელოვთან დამარცხდა, ხოლო ედემ ბოლქვაძემ რუმინელ სტეფან კომანს მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატის მეორე დღეს ხუთიდან ოთხმა ქართველმა ფალავანმა მოახერხა ნახევარფინალში გასვლა, თუმცა ფინალის საგზური მხოლოდ გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.
შოთა ფარტენაძე ნახევარფინალში ალბანელ ზელიმხან აბაკაროვს შეხვდა. დაპირისპირება 4:4 დასრულდა და აბაკაროვმა ბოლო ქულის წყალობით შეძლო ფინალში გასვლა.
გენო პეტრიაშვილმა მეოთხედფინალში ბერძენ აზამატ ხოსონოვს 12:2 მოუგო და ნახევარფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტის 7:4 სძლია და ფინალში თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება. ფარტენაძე, კენჭაძე და მაისურაძე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ, ხოლო გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლის მოსაგებად იჭიდავებს.