ვიწყებთ ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ ხუთწლიან პროგრამას, რომლისთვისაც მილიარდი ლარი გამოიყოფა - პრემიერი

18 აპრილი 2023, 14:27 837 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამისთვის ერთი მილიარდი ლარი გამოიყოფა.

მისივე თქმით, შერჩეულია 11 ლოკაცია და სამუშაოები მალე დაიწყება.  პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტიისა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, არსებული კი განახლდება

"მინდა, რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი და გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც დღეს ოფიციალურად დავიწყებთ, დავაანონსებთ. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროგრამა. 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები, განახლდა ცენტრები, მოეწყო სკვერები და ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნა ჩატარებული. ამ პროგრამისთვის გახსოვთ, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი გამოვყავით, ჯერ კიდევ გრძელდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა და ახლა ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას, ქალაქების და კურორტების განვითარების პროგრამა, რომელიც იქნება ხუთწლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი. შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია, მინდა გაცნობოთ ამის თაობაზე: ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.

 

სამუშაოებს დავიწყებთ ძალიან მალე, ამის თაობაზე უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად, შემუშავდება კონცეფციები, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს მუშაობას აქტიურად ამ პროგრამის განხორციელებაზე, შევარჩევთ საუკეთესო არქიტექტორებს, მშენებლებს. ჩაუტარდება შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, განახლდება, ისევე როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ახალი ტურისტული ატრაქციები შეიქმნება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, რაიონები, სოფლები. აი ეს არის ჩვენი გეგმა. როგორც მოგახსენეთ, 200 მილიონი ლარი გამოიყოფა წელსვე, სამუშაოებს დაიწყებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ძალიან მალე ვიხილავთ შედეგებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და ძალიან მალე გამოვიტანთ უფრო დეტალურ ინფორმაციას, როდის დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას.  პრემიერმა ასევე ისაუბრა ახალი აეროპორტის პროექტზე.

"ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც გვინდა, რომ ჩვენ დავიწყოთ შემოდგომაზე.

ასევე ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ამის შესახებ ძალიან მალე მოგახსენებთ. ეს არის მრავალ ასეულმილიონიანი ინვესტიცია. რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე განახლებულ ინფორმაციებს წარმოგიდგენთ“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი