დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი, ანუ წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.
მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ.
ქრისტიანებისთვის ყველაზე მძიმე დღეს, წითელ პარასკევს, ქართველი პილიგრიმები იერუსალიმში ჩასულ ასეულობით მომლოცველთან ერთად, „ვია დოლოროსას“ - ანუ იესო ქრისტეს მიერ ჯვარცმამდე განვლილ გზას გაივლიან. მსვლელობა ცოტა ხანში, ლომების კარიბჭიდან დაიწყება და 600-მეტრიანი გზა, გოლგოთას მთასთან დასრულდება, იქ სადაც სახარების თანახმად იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.