საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა.
„სააკაშვილის საქმე წავიდა სტრასბურგში“, - წერს შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ და „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა“, გიორგი ჩალაძემაც გაავრცელეს.
"სასჯელის დროებითი გადავადება, ეს არის ასეთი სურვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადამიანს შესაძლებლობა რომ მიეცეს აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან ვცდილობ, რომ როგორღაც გადავარჩინო ჩემი შვილის სიცოცხლე“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
საჩივრის დეტალებზე და მოლოდინებზე ისინი არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ საკითხის პოლიტიზება უნდა შეწყდეს.