პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ჟურნალისტებს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს. გადაწყვეტილების საფუძველი გახდა დეპუტატ ელისო ბოლქვაძისგან ინტერვიუს აღება.
თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ". სწორედ ამ პუნქტის დარღვევად მიიჩნია პარლამენტის აპარატმა ელისო ბოლქვაძისთვის გუშინ დასმული შეკითხვები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესებას. რესპონდენტს არ სურდა პასუხის გაცემა, თუმცა ჟურნალისტებმა მას შეკითხვები მაინც დაუსვეს. ამის გამო აკრედიტაცია შეუჩერეს „მთავარი არხისა“ და „ტევე პირველის" ჟურნალისტებს და ოპერატორებს.
ტყუილია, თითქოს რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს აკრედიტაციის შეჩერებას კითხვის შინაარსთან. მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, გამოყავით 2 წუთი, აიღეთ ეს წესები და წაიკითხეთ, ცოტა შრომა გაწიეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, როცა რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ ჩაეწეროს ჟურნალისტს, მის სურვილს პატივი უნდა სცენ. ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესის შეცვლას ითხოვს ოპოზიცია.