წაქცეულია ხეები, დაზიანებულია რამდენიმე შენობის სახურავი - ძლიერი ქარი ბათუმში

28 მარტი 2023, 21:55 1318 ნახვა

ბათუმში, ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და ხეები წააქცია. წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომობილი და ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და ავტობუსის მოსაცდელი. 

ამასთან, ძლიერი ქარის გამო, ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებს რკინის კონსტრუქცია დაეცა.

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, რამდენიმე მონაკვეთზე კი ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.

"ძლიერმა ქარმა ბათუმის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემები შექმნა. სკვერებში, პარკებსა და ქუჩებში ხეები წაიქცა. წააქცია ავტობუსის მოსაცდელიც. გამწვანების სამსახური სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა, ადგილზე მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან, ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ", - აცხადებენ ბათუმის მერიაში. 

ბათუმის ვიცე მერის ლევან დავითაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, უწყებაში 10-ზე მეტი ზარია შესული.

"შემოსულია 10-ზე მეტი ზარი, მუნიციპალიტეტის სამსახურების მიერ რეაგირება დროულად მოხდა, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ქარის შედეგად დაზიანებულია, "ენერგოპროს" და "აჭარგანათების" გადამცემი ბოძები. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სალიკვიდაციო სამუშაოები, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება",- აცხადებს ლევან დავითაძე.

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში