ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა სანქციები დაუწესოს ოლიგარქებს, რომლებსაც კავშირი აქვთ მოლდოვასა და საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობებთან, რუსეთის ჩარევის მზარდი საფრთხის ფონზე.
''პოლიტიკოს ინფორმაციით'', ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოლდოვა და საქართველო დესტაბილიზაციის მცდელობებს აწყდებიან, რასაც დიდი ყურადღება სჭირდება და გამართლებული იქნებოდა ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვის დაწყება.
საქართველოს კონტექსტში ''პოლიტიკო'' წერს საპროტესტო აქციებზე „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ, ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ეს კანონპროექტი მოსკოვიდან იყო ნაკარნახევი და ასევე, იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტზე უარის მიუხედავად, საქართველოში იზრდება შეშფოთება, რომ მთავრობა მოსკოვს უახლოვდება. პოკიტიკო წერს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთთან, სადაც 1990-იან წლებში ქონება დააგროვა.