დარწმუნებული ვარ, ის პროგრესი, რომელიც ევროპულ გზაზე გაქვთ, ადეკვატურად იქნება შეფასებული ევროკავშირის მიერ და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შეგიძლიათ, ამ გზაზე ყოველთვის გქონდეთ სერბეთის მხარდაჭერის იმედი, – ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ვლადიმირ ორლიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ვლადიმირ ორლიჩის თქმით, სერბეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„მადლობას მოგახსენებთ ძალიან გულთბილი დახვედრისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის. ჩვენს ორ ქვეყანას ტრადიციული მეგობრობა გვაკავშირებს, სიახლოვე ჩვენი კულტურული, ისტორიული რელიგიური ურთიერთობების და როგორც აღვნიშნეთ, ის ერთობლივი ფასეულობები, ღირებულებები, რომლებიც ეფუძნება პრინციპებს.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სერბეთი მხარს უჭერს და იცავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მხარს უჭერს და აღიარებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი საერთო მომავლის, ევროპული მომავლის შესახებ ბრძანეთ, მინდა, მოგილოცოთ ყველაფერი ის, რასაც უკვე მიაღწიეთ ამ გზაზე და დარწმუნებული ვარ, რეფორმები, რომელთა განხორციელების გზაზეც ხართ და რომლებზეც მუშაობთ, წარმატებული იქნება, ასევე ის პროგრესი, რომელიც გაქვთ ევროპულ გზაზე, იქნება ადეკვატურად შეფასებული ევროკავშირის მიერ და თქვენ გახდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. თქვენ შეგიძლიათ, ამ გზაზე ყოველთვის, ყოველგვარი დათქმის გარეშე, გქონდეთ სერბეთის მხარდაჭერის იმედი.
ბევრი სფერო და დარგია, სადაც შეგვიძლია, ვიმუშაოთ მომავალში ერთად, როგორიცაა ინტენსიური თანამშრომლობის აუცილებლობა ეკონომიკის სფეროში, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიის სფეროები. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სამომავლო გეგმები. ჩვენ უკვე მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს 2019 წელს. ბევრ საშუალებასა და შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო გავააქტიუროთ თანამშრომლობა მეგობრობის ჯგუფებს, კომიტეტებს შორის. მე შალვა პაპუაშვილს ვთხოვე, რომ ვიზიტით ჩამობრძანდეს სერბეთში და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტი გახლავთ იმ ვიზიტებს შორის ერთ-ერთი, რომელიც სამომავლოდ გვექნება“, – განაცხადა ვლადიმირ ორლიჩმა.