ვენეციის კომისიისგან არ არის წინააღმდეგობა, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ წარდგენილი კანონი მიიღოს, თუმცა აქვს რეკომენდაციები, რასაც განვიხილავთ - შალვა პაპუაშვილი

14 მარტი 2023, 16:20 573 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიისგან არ არის წინააღმდეგობა, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ წარდგენილი კანონი მიიღოს, თუმცა აქვს რეკომენდაციები, რასაც განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ვენეციის კომისიას 10-11 მარტს ჰქონდა სხდომა, რომელზეც განხილული იქნა დასკვნები დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით, ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს დასკვნები უკვე სავარაუდოდ დღეს აიტვირთება ვენეციის კომისიის ვებგვერდზე. ჩვენ ეს დასკვნები წინასწარ უკვე მოგვეწოდა.

 

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, როგორც გახსოვთ, პოლიტიკურ დისკუსიაში საუბარი იყო ორ საკითხზე. ერთი – რამდენად იყო ეს მართლაც უკრაინული კანონის თარგმანი და მეორე – ჰქონდა თუ არა საქართველოს კონტექსტით გათვალისწინებული უფლება, რომ მიეღო იგივე კანონი, რაც არის უკრაინაში. ეს ჰგავს იგივე დისკუსიას, რომელიც გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. იქაც იგივე იყო, რამდენად იყო ეს ამერიკული და რამდენად ჰქონდა საქართველოს ამერიკისგან განსხვავებით უფლება, რომ ასეთი კანონი მიეღო. ორივე საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს ნამსჯელი. პირველზე, არის თუ არა ეს უკრაინული კანონი, მან თქვა – კი, და ერთადერთი სხვაობა ამ ორ კანონს შორის არის ის, რომ უკრაინის შემთხვევაში რეესტრს აწარმოებს პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მთავრობა, რაც გასაგებია, რადგან საქართველოში პრეზიდენტს აქვს სხვა ფუნქციები. მეორე – შეიძლება თუ არა, საქართველომ მიიღოს ასეთი სახის კანონი, ამაზეც აქვს ნამსჯელი და რაიმე წინააღმდეგობა ამასთან დაკავშირებით არ არის. აქვს რეკომენდაციები შემუშავებული, რომელზეც ჩვენც გვქონდა საუბარი, როცა ამ პროექტს განვიხილავდით, რომ ტერმინოლოგია იყო უფრო მკვეთრად დასაზუსტებელი. მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა, უფრო მეტი დეტალიზაცია ამ ტერმინებზე. ასევე, პროცედურული დაცვის მექანიზმები, გასაჩივრების უფლება და ა.შ. ასევე, რაც შეეხება შედეგებს, მისი პროპორციულობის უზრუნველყოფა. არის კონკრეტული რეკომენდაციები, რასაც განვიხილავთ და ამის შესაბამისად იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას რაიმე სერიოზული შენიშვნა არ აქვს და ამ შემთხვევაშიც წარმოდგენილია რეკომენდაციები.

„რაც შეეხება მეორე საკითხს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებას, ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ შევიმუშავეთ, რაიმე შენიშვნა ვენეციის კომისიას არ აქვს. ამასთან ერთად, აქვს წინადადებები დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ვენეციის კომისიამ ამ შემთხვევაში იმსჯელა არა მხოლოდ ამ პროექტზე, არამედ ზოგადად შეაფასა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მისივე გამოცემული რეკომენდაციები, ამ ჭრილში განიხილა. კიდევ ერთხელ, არსებულ ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში იქნა დაინიცირებული, მის მიმართ რაიმე მცირე შენიშვნაც კი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, სერიოზული შენიშვნები არ არის, აქვს დამატებითი რეკომენდაციები, რომელზეც გვექნება მსჯელობა. როგორც იცით, ორივე პროექტი გავაგზავნეთ როგორც ვენეციის კომისიაში, ისე ეუთო/ოდირში და ვთხოვეთ ერთობლივი დასკვნა. თავიდანვე გვქონდა ორივე უწყებიდან პასუხი, რომ ცალ-ცალკე იქნებოდა დასკვნები. ამიტომ ჯერ კიდევ ველოდებით ორივე პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება ეუთო/ოდირიდან დასკვნები. როგორ კი გვექნება ეუთო/ოდირის დასკვნა, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი განაახლებს ამ პროექტებზე მუშაობას. ჩვენ ვაპირებთ, მალევე დავასრულოთ მუშაობა, რათა ეს პუნქტები შესრულდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი