დასავლური მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე წერს. სტატიებში წერია, რომ პარლამენტმა კანონპროექტი, რომელმაც საპროტესტო აქციები და საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, ოფიციალურად გაიწვია.
CNN-ის განცხადებით, გადაწყვეტილება პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო აქციები გამართა. ე.წ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნაზე ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო „როიტერიც“. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ კანონპროექტმა შიდა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია და კავკასიური ქვეყნის მცდელობას, უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდეს ევროპასთან საფრთხე შეუქმნა.
როიტერი ასევე აღნიშნავს, რომ ათიათასობით ქართველი ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში ქუჩებში გამოდიოდა, აპროტესტებდა ინიციატივას და აცხადებდნენ, რომ მთავრობა ცდილობს ქვეყანა მზარდი ავტორიტარული მიმართულებით წაიყვანოს.