რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წელი შესრულდა. ბოლო მონაცემებით, რომელსაც გაერო ავრცელებს, ომის შედეგად 8 ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 14 მილიონმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი იძულებით დატოვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გრძელდება მტრის შეტევითი მოქმედებები კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით. გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტის 90-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. გენშტაბის ცნობით, მტერმა განიცადა ზარალი, განსაკუთრებით ტექნიკის მხრივ. რუსულმა არმიამ ომის 1 წლის განმავლობაში 146 ათასამდე სამხედრო დაკარგა. საერთო ჯამში კი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით 5 ათასი სარაკეტო და 3500 საჰაერო დარტყმა განახორციელა.