ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ - პრემიერი

30 იანვარი 2023, 15:38 2787 ნახვა

მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბოლო ათ წელიწადში გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც გავაფორმეთ ევროპასთან, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული შარშან, ივნისში, სადაც ნათლად იქნა დადასტურებული ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ავსტრიას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და პირადად ბატონ კანცლერს. ძალიან ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს არსებული სიტუაცია.

"რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე. ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შედეგი არის ე.წ. აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოსი და დღემდე გრძელდება აღნიშნული ოკუპაცია, რაც ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ათ წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია და საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, დიდი სამუშაო შეასრულა. ასევე განმარტა, რომ ამ პროცესში აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობაც, რადგან პირველი რეკომენდაცია ეხება პოლარიზაციის დასრულებას, რისი მიღწევაც ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

"ძალიან კარგად გვესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ. ეს კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთელი ჩვენი გუნდი, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით მუშაობს. ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს. პირველივე დღეებიდან დავიწყეთ აქტიურად მუშაობა ამ თემაზე. საქართველოს პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი მუშაობა ამ მიმართულებით, ამ გზაზე მთავრობასთან ერთად. რეკომენდაციების უმრავლესობა არის უკვე შესრულებული. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. რა თქმა უნდა, აქ აუცილებელია ასევე ოპოზიციის ჩართულობაც, რადგან, მაგალითად, პირველი რეკომენდაცია, რომელიც ეხება პოლარიზაციის დასრულებას, ამის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე, რაზეც ჩვენი პოზიცია შემდეგია – ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მზად, რომ კარი გავხსნათ მათთვისაც, იყოს მუდმივი დიალოგი. ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციულ ფორმატში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი, კარლ ნეჰამერი ეწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი