სპორტის მთავარი

23 იანვარი 2023, 19:46 578 ნახვა

 

გიორგი ქვილითაიას, ლაშა დვალის და მურთაზ დაუშვილის ნიქოზიას „აპოელმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-20-ე ტურში საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ხლორაკა“ 2:0 დაამარცხა. სამივე ქართველი იყო ნიქოზიელების ძირითად შემადგენლობაში. პირველი ტაიმი უგოლო ფრე დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის მე-60-ე წუთზე აპოელის დაწინაურება გიორგი ქვილითაიამ პენალტის მეშვეობით მოახერხა. 65-ე წუთზე კი სტუმართა კარი ანასტასიოს დონისმა მეორედ აიღო და საბოლოოდ გუნდმა თამაში 2:0 მოიგო.„აპოელმა“ 20 ტურის შემდეგ 46 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ლიდერს, ლარნაკას აეკ-ს კი მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს შემდეგ ტურში 29 იანვარს რომას წინააღმდეგ ითამაშებს. „ლა რეპუბლიკა“-ს ცნობით, 21 წლის შემტევს ჯანმრთელობის პრობლემა აღარ აქვს და კასტელ ვოლტურნოში ვარჯიშს გუნდთან ერთად სამშაბათს განაახლებს. ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სალერნიტანასთან გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელებს ორი დღე დასვენებისთვის მისცა და გუნდი საწვრთნელ პროცესს ხვალიდან განაახლებს.წყაროს თანახმად, თანაგუნდელებთან ერთად ხვიჩაც იქნება.

იტალიურმა გამოცემამ „ლა რეპუბლიკამ“ „ნაპოლიში“ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების თაობაზე წერილი გამოაქვეყნა და შეეცადა, პასუხი გაეცა მთავარი კითხვისთვის – ემუქრება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ რაიმე სახის სანქციები. რამდენიმე დღის წინ ფინანსური მაქინაციების გამო „იუვენტუსს“ სერია A-ში 15 ქულა ჩამოაკლეს. შესაძლოა, ფედერალური პროკურატურის სამიზნე სხვა იტალიური კლუბებიც გახდნენ, მათ შორის „ნაპოლიც“. პროკურორმა ჯუზეპე სინეზემ ვიქტორ ოსიმენის „ლილიდან“ „ნაპოლიში“ ტრანსფერის დოკუმენტები მოითხოვა, ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მხრიდან გარკვეულ ფინანსურ მაქინაციებს ჰქონდა ადგილი. „პროკურატურა გამოძიების პროცესში „იუვენტუსის“ მენეჯერების საუბრებს ისმენდა, მტკიცებულებები სამართლებრივი პროცედურების გამოყენებით შეგროვდა, ამის გარეშე კლუბის დაჯარიმება თითქმის შეუძლებელი იყო. ამავე მოტივით, მალე დოკუმენტებს „ნაპოლისაც“ მოსთხოვენ, გამოძიებას ნეაპოლის პროკურატურა აწარმოებს“, – ამტკიცებს „ლა რეპუბლიკა“.

რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს და რუსულ კლუბებს, შესაძლოა ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება დაუბრუნონ. 24 იანვარს რუსეთის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლები უეფას შეხვდებიან და ამ საკითხზე იმსჯელებენ, განცხადებას თავად რუსეთის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები და კლუბები ფიფამ და უეფამ ევროტურნირებიდან 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში დაწყებული ომის გამო მოკვეთეს. გავრცელებულ ინფორმაციას საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და ფიფას და უეფას მოუწოდებენ, რუსეთი ევროტურნირებზე არ დააბრუნოს. რუსეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაზე ოფიციალური კომენტარი ევროპული ფეხბურთის მესვეურების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა.

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ქალთა ნაკრები ხორვატიის ქალაქ ოსიეკში გამართული გრან პრის ჩემპიონი გახდა. 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ქართულმა სამეულმა ლეგენდარული ნინო სალუქვაძის, ლიზი კილაძისა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით ფინალში უკრაინა 17:3 დაამარცხა. ამავე დისციპლინაში წარმატებით იასპარეზა ვაჟთა ნაკრებმა ლევან ქადაგიძის, ცოტნე მაჭავარიანის და კაკო მოსულიშვილის შემადგენლობით, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დიდ ბრიტანეთს 16:12 სძლია. ხორვატიის დიდ პრიზს სარეიტინგო დატვირთვა ჰქონდა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად. რამდენიმე დღით ადრე რუსეს დიდ პრიზზე საქართველოს შერეულმა წყვილმა მარიამ ფროდიაშვილის და ცოტნე მაჭავარიანის შემადგენლობით ოქროს მედალი მოიპოვა, ქალთა ნაკრებმა კი ვერცხლი დაისაკუთრა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ხუთი მედალი მოიპოვა. ანრი დელანის გრან პრიზე ქართველი მოჭიდავეების მონაგარი 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ აკაკი ოსიაშვილი და ფრიდონ აბულაძე. აივენგო რიკაძემ და გიორგი ქაცანაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ნიკა ყორშიამ კი ბრინჯაო აიღო. ნიცაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები გამოვიდნენ და 6 მედალი მოიპოვეს, მათგან 2 ოქროსი.

შეერთებული შტატების მორაგბეთა გუნდი 2023 წლის რაგბის ჩემპიონატს გამოეთიშა და გადაწყვეტილება მიიღო, ოფიციალურად უგულშემატკივროს საქართველოს ნაკრებს. "თქვენი ქვეყნის ერთგულება რაგბისადმი. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეებიდან დაწყებული, მათი ჩათვლით, ვისაც აქვს პატივი, წარმოადგენდეს თქვენს ქვეყანას. თქვენი დამოკიდებულება და თავდადება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი გასაოცარია და პატივისცემას იმსახურებს. ამ თავდადებას, გაზარდოთ თამაში ფესვიდან ხის კენწერომდე, რაგბის ყველა ერი უნდა სწავლობდეს. უზომოდ ამაყნი ვართ, რომ შეგვიძლია გიწოდოთ ჩვენი მეგობრები. იმედი გვაქვს, რომ "ბორჯღალოსნებსა" და ჩვენს მეგობრებს საქართველოს რაგბის კავშირში ოკეანის გაღმა მისწვდებათ ჩვენი გულშემატკივრობის ხმა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისას. სტადიონსა და სახლებში. ჯორჯიიდან საქართველოში. წინ, ბორჯღალოსნებო!" - განაცხადა ჯორჯიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სტივ მეისმა.

სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2022 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი სპორტული მედიაკავშირი „ჯაკო FM“ იყო. არაოლიმპიურ სახეობებში სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ. გამოვლინდნენ ასევე საუკეთესო პარასპორტსმენები, ამ ნომინაციაში მკლავჭიდელმა ნოდარ ციხელაშვილმა გაიმარჯვა. გამარჯვებულები გახდნენ: კიკბოქსიორი ლუკა შონია, ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ საუკეთესო ფალავნად ლევან მატიაშვილი დაასახელა. ასევე დაჯილდოვდნენ ძალისმიერ კლასიკურ სამჭიდში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი თემურ სამხარაძე, უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციიდან ლუკა ჩიკვილაძე, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი და მორაგბე დავით ნინიაშვილი.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი