სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ხელოვანი მისი ანდერძის თანახმად, ოჯახის წევრების გვერდით დაასაფლავეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ჯერ ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობდა, რის შემდეგ ხელოვანი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გადაასვენეს, საიდანაც უკანასკნელ გზაზე მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა უწყვეტი აპლოდისმენტებით გააცილეს. ისმოდა შეძახილები „ბუბა, ბუბა”.
დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, მათ შორის უკრაინიდან. სამოქალაქო პანაშვიდზე სამძიმრის წერილი გამოგზავნა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.
სამძიმრის წერილი გამოგზავნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის შინაარსი საზოგადოებას უკრაინის კულტურის მინისტრმა პანაშვიდზე გააცნო.