ევროკავშირის ლიდერები ბროვარში ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს გამოთქვამენ

18 იანვარი 2023, 17:06 580 ნახვა

ევროკავშირის ლიდერები კიევის ოლქის ქალაქ ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს გამოთქვამენ.

"უკრაინასთან ერთად ვგლოვობთ ბროვარში ვერტმფრენის ტრაგიკულ ავარიას. მინისტრი დენის მონასტირკსი ევროკავშირის დიდი მეგობარი იყო. ჩვენ ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს, პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და უკრაინელ ხალხს“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. 

უკრაინას სამძიმარს უცხადებს ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი.

"ტრაგედია მოხდა ომით მოცული უკრაინის გულში. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს, პრეზიდენტ ზელენსკის და მთელ ქვეყანას ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის გამო. ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ამასთან, სამძიმარს გამოთქვამს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც.

„გულმოკლული ვარ კიევთან, ბროვარში, საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის კატასტროფის გამანადგურებელი ამბის გამო. ჩემი ფიქრები უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკისა და ამ საშინელი ტრაგედიის დროს დაღუპული სხვა ადამიანების, მათ შორის ბავშვების ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთანაა“, - წერს რობერტა მეცოლა.

უკრაინის ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი