ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"2016 წლის 27 იანვარს ჩემმა ოფისმა დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება სისხლის სამართლოს საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის პირველი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში იქნა ჩადენილი. ამას წინ უძღოდა აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიების დასრულება.
გამოძიების დაწყების დღიდან ჩემმა ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. პროკურორის ოფისი თავის საქმიანობას დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ახორციელებდა. იგი თანამშრომლობდა დაზარალებულებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.
აღნიშნული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენი არიან: მიხაილ მინძაევი, გამლეტ გუჩმაზოვი და დავიდ სანაკოევი. ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთა მიმართებაშიც გაიცა დაპატიმრების ორდერები, ეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და, შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც ამ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა.
აღნიშნული ეჭვმიტანილი პირები არიან, მათ შორის, ვისაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მიუძღვის ზემოხსენებული სავარაუდო დანაშაულების ჩადენაში. გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას.
დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემმა ოფისმა გადაწყვიტა, სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება პროკურორის ოფისის ეფექტური სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ განსახილველ დანაშაულებრივ ქმედებათა მასშტაბის გათვალისწინებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ მე ვისარგებლო რომის სტატუტით მონიჭებული დისკრეციით, რათა ეფექტურად ვმართო ჩემი, როგორც პროკურორის, მანდატის განხორციელება. თანამდებობის დაკავებისთანავე ცალსახად განვაცხადე: არ მსურს, გავაგრძელო დაზარალებულთათვის და მსხვერპლთა ოჯახებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემა და შემდეგ მათი ვერ შესრულება. რეალური შედეგების მისაღწევად, ჩვენ ზედმიწევნით უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიძლება რესურსების ყველაზე ეფექტიანად გამოყენება იმგვარად, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მათთვის, ვინც მთელ მსოფლიოში ჩვენს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებით დაზარალდა.
სიტუაციური დაგეგმვისა და მასთან დაკავშირებული დასრულების სტრატეგიების შემუშავების საჭიროება ასევე ასახავს იმ მზარდ, სამართლიან მოლოდინს, რომ სასამართლო გამოძებნის გზებსა და საშუალებებს, რათა რეალურად იმუშაოს რამდენიმე სიტუაციაზე შეზღუდული რესურსების პირობებში. აღნიშნულის აუცილებლობა ასევე აისახა წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის დაკვეთით ახლახან ჩატარებულ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების პროცესში.
ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სიტუაციის დასრულების თაობაზე მხოლოდ საქართველოს სიტუაციას არ ეხება. მას მოჰყვება სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ამჟამად გამოძიების სტადიაში მყოფ სხვადასხვა სიტუაციას შეეხება, მათ შორის, დღევანდელი გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებაშიც ასევე გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ ვაცხადებ.
თუმცა, ჩვენი მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში წარსადგენად. ამ მუშაობამ, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მნიშვნელოვანი გააქტიურება გამოიწვია ჩვენს ოფისში საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ, წინასწარ მოვემზადოთ სასამართლო განხილვისთვის და უზრუნველვყოთ მტკიცებულებათა დაცვა-შენახვა.
მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავის მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს.
ასევე მიმაჩნია, რომ, რესურსების ეფექტიანი მართვის გარდა, დასრულების სტრატეგიების განხორციელება, შესაძლოა, თანამშრომლობისა და კომპლემენტარობის იმ საბაზისო პრინციპების ნათელ გამოხატულებად იქცეს, რომლებიც რომის სტატუტის სისტემას უდევს საფუძვლად, იმდენად, რამდენადაც ჩემი გადაწყვეტილება საქმეების ჩვენთვის სასურველი მოცულობის ფარგლებზე მიუთითებს. იგი ასევე იძლევა ახალ შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ კომპეტენტურ ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან, რათა დავეხმაროთ მათ დაუსჯელობის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში და, საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ ახალი საქმეების წარმოებას, რომლებიც, ერთობლივი მუშაობის წყალობით, შესაძლოა, ადგილობრივ სასამართლოებამდეც მივიდეს.
ამ საკითხს ცენტრალური ადგილი უკავია ჩემს ხედვაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპლემენტარულ როლსა და ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან მის ურთიერთობას ეხება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მე უკვე ვაცნობე საქართველოს ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს, რომ ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს კომპლემენტარობის პრინციპისადმი დინამიკური მიდგომის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნის გზების ძიება თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით.
აღნიშნულს წინ უსწრებდა ამა წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილის, ნაზატ შამიმ ხანის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის მოსალოდნელი დასრულების ჭრილში.
გაძლიერებული თანამშრომლობა გულისხმობს ჩემი ოფისის მიერ საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისთვის მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ამ მიზნით, ჩემი ოფისი დაუკავშირდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულებას ეხება, ასევე, გაეცნო საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით ჩვენი ამჟამინდელი საქმიანობა და ჩვენი მტკიცე განზრახვა მიმდინარე საქმეების სასამართლო განხილვამდე მიყვანასთან დაკავშირებით.
კომპლემენტარობის პრინციპი და თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და წევრი სახელმწიფოები იმუშავებენ ერთად, რათა ერთობლივად იტვირთონ პასუხისმგებლობის ის მძიმე ტვირთი, რომელიც რომის სტატუტით არის განსაზღვრული და რომელსაც დაზარალებულნი მოითხოვენ. ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან, დაზარალებულებთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან არსებული ამოცანების გადასაჭრელად“, - აღნიშნულია ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.