პირველი დეკემბერი შიდსის საერთაშორისო დღეა

01 დეკემბერი 2022, 16:09 990 ნახვა

პირველი დეკემბერი შიდსის საერთაშორისო დღეა. თარიღს უკვე წლებია საქართველოშიც აღნიშნავენ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ცნობით, დაავადების მკურნალობაში უდიდესი პროგრესის მიუხედავად, დღეისათვის აივ/შიდსი კვლავ რჩება განუკურნებელ, მაგრამ მართვად ინფექციად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემად.

შიდსის საერთაშორისო დღე ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება. 2022 წლის თემაა: „ჩავიტაროთ ტესტირება, მივაღწიოთ თანასწორუფლებიანობას და დავასრულოთ აივ/შიდსის ეპიდემია“.

"დღეისათვის საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.

2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9714 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7257 – მამაკაცი და 2457 – ქალია. 2059 პაციენტი გარდაიცვალა.

მიმდინარე წელს დაფიქსირებულია აივ ინფექციის 552 ახალი შემთხვევა, შარშან შესაბამის პერიოდში კი გამოვლინდა 492 ახალი შემთხვევა.

ანტირეტროვირუსულ თერაპიას იტარებს 5968 პაციენტი, მათ შორის 43 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 33.5 % - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 51.5 % - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.8 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან; 1.2 % - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.

რაც შეეხება აივ/შიდსით რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას: აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია ქ. თბილისში (3659 შემთხვევა, მათგან 99 უცხოეთის მოქალაქეა; 2 დაუდგენელი); შემდეგ სამეგრელოში 1264; იმერეთში 1169; აჭარაში 1130; აფხაზეთში (546); კახეთში (484) ქვემო ქართლში (578); შიდა ქართლში (374); გურიაში (208); სამცხე- ჯავახეთში (137) და ა.შ.

აივ ინფექციის პანდემიის დამარცხების მთავარი გზა პაციენტის ადრეულ გამოვლენაზე/დიაგნოსტირებაზე, ეფექტიან მკურნალობაზე, ეპიდზედამხედველობასა და პრევენციაზეა დამყარებული. აივ ინფექციის პანდემიის დამარცხება შესაძლებელი იქნება, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, მოიცავს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი სამიზნე (რისკის) ჯგუფების დიდ ნაწილს და ფოკუსირებული იქნება აივ ინფექციის გადაცემის ყველა შესაძლო გზის შეჩერებაზე.

ჩაიტარე აივ ტესტირება, რადგან დროული დიაგნოსტიკა

სრულფასოვანი სიცოცხლის საწინდარია!

აივ ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა!

შიდსის ცენტრის ცხელი ხაზი - 2 39 80 18"-ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი