ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში ხელისუფლების კოვიდ-პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრანტები თეთრ ჰაზმატის კოსტიუმებში ჩაცმულ სპეცრაზმელებს დაუპირისპირდნენ. ათობით სპეცრაზმელი, რომლებსაც ხელში გამჭვირვალე ფარები ეჭირათ, აქციის დარბევას ცდილობდნენ. დემონსტრანტები მათი მისამართით მძიმე საგნებს ისვროდნენ. მასობრივი საპროტესტო აქციები არეულობებში გადაიზარდა შანჰაიში, პეკინსა და სხვა ქალაქებში გასულ შაბათ-კვირას.
ეს ჩინეთში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ყველაზე დიდი ტალღაა მას შემდეგ, რაც ათი წლის წინ ხელისუფლებაში პრეზიდენტი სი ძინპინი მოვიდა.
სოლიდარობის აქციები უკვე რამდენიმე დღეა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. ტორონტოსა და ნიუ-იორკშიც გააპროტესტეს ჩინეთის კოვიდშეზღუდვები. თავისუფლება ჩინეთს, გადადგეს სი ძინპინი - ეს არის აქციის ლოზუნგები. სოლიდარობის აქციას ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.