"ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ხოლო თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს სტატუსი არ მიგვეღო - პრემიერი ოპოზიციას

18 ნოემბერი 2022, 13:10 472 ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ხოლო თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს სტატუსი არ მიგვეღო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რითაც უპასუხა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას.

მისივე განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა საქართველოს, რაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში.

„კითხვის ავტორები მე მომართავენ და მეკითხებიან თუ რა გავაკეთეთ ჩვენ, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი. მე მოკლედ შევაჯამე - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა - აი, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ხოლო თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ მიგვეღო ეს სტატუსი. ეს იყო შეთქმულება და ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ...

მინდა მანამდე ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ის მახინჯი სისტემა, ფსევდოდემოკრატიული და რეალურად თავისი შინაარსით, გამოხატვის ფორმებით და მმართველობის სტილით იყო აბსოლუტურად დეგრადირებული, ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმი, მას შემდეგ, რაც ეს სისტემა დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა გუნდმა, დიდი სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა. მინდა რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო ჩვენს ოპონენტებს: პირველი მთავარი დოკუმენტი, რაც არის გზამკვლევი და სახელმძღვანელო, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს 3 წლის დაგვიანებით დაიწყეს რეალურად მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ, ანუ ბატონი ვაშაძის და მისი თანაგუნდელების ხელისუფლებამ.

ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა საქართველოს, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ესეც დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. რეალურად, ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენს მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში