იტალიის ქალაქ ასისიში გრძელდება ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს 30-ე ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს სამი წარმომადგენელი მონაწილეობს.
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს და 11 ტური გათამაშდება. 50 წელს გადაცილებულებში ზურაბ სტურუამ ორი პარტია მოიგო. ამავე ასაკში სოფიო ტერელაძეს თითო-თითო მოგება-წაგება აქვს. 65 წელს გადაცილებულთა პირველ ტურში ნონა გაფრიდაშვილმა კი ჯერ ავსტრიელ არნულფ რამუშს გააჩერებინა საათი, შემდეგ კი ინგლისელ ბრაიან ჰეისონს სძლია.
მესამე ტურში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: ზურაბ სტურუა - ვიქტორ პლოტკინი , ოლივერ როჩე - სოფიო ტერელაძე, ეფრენ ბაგამასბადი - ნონა გაფრინდაშვილი.